რამდენიმე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურის არქიტექტურულ კონცეფციებზე საკონკურსო კომისიამ იმსჯელა
24 მარტი 2026
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომამ სენაკის აუზის, ზუგდიდის მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის, ბოლნისის სტადიონის, ჭიაურის სკოლის, წალენჯიხის სკვერის და პარკის პროექტირებისთვის წარდგენილი საკონკურსო კონცეფციები განიხილა.
სენაკში დაგეგმილია 200 მაყურებელზე გათვლილი, თანამედროვე დახურული საცურაო აუზის აშენება.
ზუგდიდის ახალი, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი 1000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და გააერთიანებს სავარჯიშო დარბაზებს, ღია მინი ფეხბურთის მოედანს, საჭადრაკო სივრცეს, ჩოგბურთის და პადელის კორტებს.
ბოლნისში უეფას III კატეგორიის, 4500 მაყურებელზე გათვლილი, ბუნებრივრივსაფარიანი სტადიონის პროექტირება იგეგმება. ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა მოემსახურება როგორც საფეხბურთო, ისე რაგბის მატჩებს.
წალენჯიხაში მდებარე ტერენტი გრანელის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საბავშვო და დასასვენებელი ზონების, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობას. წალენჯიხის სკვერში კი დაგეგმილია რეკრეაციული და ყველა ასაკობრივი კატეგორიის დამსვენებლისათვის განკუთვნილი ზონების მოწყობა.
კომისიამ იმსჯელა, ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში 250 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის საპროექტო წინადადებებზე.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომას მუნიციპალიტეტების, განათლების, სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისია, წარმოგენილი კონცეფციებიდან, საპროექტო კონკურსებში გამარჯვებულებს რამდენიმე დღეში დაასახელებს.